ისრაელის ომი ტერორიზმთან

ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი ჰამასის უმაღლეს მეთაურთან შეხვედრას იხსენებს

იოხევედ ლიფშიცი (ცენტრში) თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც თავისი ქმრის, ჰამასის ტყვეობაში მყოფი 83 წლის ოდედ ლიფშიცის გათავისუფლებას ითხოვდა, 2023 წლის 28 ნოემბერი
Tomer Neuberg/Flash90

85 წლის იოხევედ ლიფშიცი, რომელიც ჰამასმა ტყვეობიდან გასულ თვეს გაათავისუფლა, ისრაელურ გამოცემა Davar-თან ინტერვიუში ტერორისტული დაჯგუფების უმაღლეს მეთაურთან, იაჰია სინვართან შეხვედრას იხსენებს. ხანშიშესული ქალის თქმით, არ შეშინებია სინვარისთვის ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა.

"იქ ჩასვლიდან 3-4 დღეში სინვარი იქ იყო. ვკითხე, როგორ არ რცხვენოდა ასეთი რამის გაკეთება ხალხისთვის, ვინც წლების განმავლობაში მშვიდობას უჭერდნენ მხარს? მას არ უპასუხია. ჩუმად იყო". - თქვა ლიფშიცმა.

85 წლის იოხევედი 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან მოტოციკლით გაიტაცეს. ის ტყვეობიდან 24 ოქტომბერს, 79 წლის ნურით კუპერთან ერთად გაათავისუფლეს.

იოხევედ ლიფშიცის 83 წლის ქმარი ოდედი ამჟამადაც ტყვეობაში იმყოფება. როგორც ცნობილია, ისინი ერთად არ ყოფილან დატყვევებულები და იოხევედმა ქმრის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

გუშინ, 28 ნოემბერს იოხევედი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციას დაესწრო, სადაც თავისი ქმრის გათავისუფლებას ითხოვდა.

"აქ ვარ იმისთვის, რომ გავაპროტესტო. რომ ჩემი ოდედი სახლში დავაბრუნო. გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება". - თქვა ლიფშიცმა.

24 ნოემბერს ჰამასსა და ისრაელს შორის დროებითი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა და ყოველდღიურად ჰამასი დაახლოებით 10 ტყვეს ათავისუფლებს. თავდაპირველად, მხარეები ოთხი დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა 27 ნოემბერს მხარეებმა პაუზა დამატებით სხვა მძევლების გათავისუფლებისთვის კიდევ ორი დღით გაახანგძლივეს.

კომენტარები