დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი: ნების არსებობის შემთხვევაში, ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმება 15 დღეშია შესაძლებელი

ალენ სიმონიანი

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალან სიმონიანის თქმით, მომდევნო დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს.

"თუ იარსებებს პოლიტიკური ნება, 15 დღეში ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების დადება შესაძლებელი იქნება". – თქვა სიმონიანმა.

სპიკერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა აქვთ.

"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თითქმის ყველა ფუნდამენტურ საკითხზე შევთანხმდით. არ მსურს დეტალების გასაჯაროება, რადგან პროცესი არ დავაზიანოთ". – თქვა ჟურნალისტებთან ალან სიმონიანმა. 

როგორც სიმონიანმა ხაზი გაუსვა, შეთანხმების გასაფორმებლად საჭიროა მხოლოდ აზერბაიჯანის თანხმობა.

"არ მესმის რატომ არიდებს აზერბაიჯანი თავს სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრებს. არ მესმის რას არგებს ყოყმანი აზერბაიჯანსა და რეგიონს, როცა მშვიდობაზე საუბრობენ, მაგრამ ხელმოწერაზე უარს ამბობენ. ბურთი აზერბაიჯანის მხარესაა". – დაამატა სპიკერმა.

ამას გარდა სპიკერმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის მთავარია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და მათთვის მთიანი ყარაბაღის საკითხი არ არსებობს.

აზერბაიჯანი გასულ თვეებში არ თანხმდებოდა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება დასავლეთის შუამავლობით გაეფორმებინა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები