ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის ტყვეების ოჯახები ქნესეთს მოუწოდებენ ტერორისტების სიკვდილით დასჯის კანონი გაიწვიონ

 REUTERS/Joseph Campbell

ჰამასის მიერ გატაცებული ტყვეების ოჯახის წევრები ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს - ქსენეთს მოუწოდებენ, შეწყვიტონ საუბარი ტერორისტების სიკვდილით დასჯის დაკანონებაზე. მათი აზრით, ტერორისტების სიკვდილით დასჯაზე საუბარი საფრთხეში აგდებს ამჟამად ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელების სიცოცხლეს. 

ქნესეთში აღნიშნული კანონპროექტი ულტრამემარჯვენე სიონისტურმა პარტიამ წარადგინა. 7 ნოემბერს, ჰამასის თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი ფიქრობენ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა აგონ პროპორციული პასუხი ჰამასის ტერორისტებმა იმ არაადამიანურ ქმედებებზე, რაც მათ ისრაელში 7 ოქტომბრის დილას ჩაიდინეს. 

ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრმა ბენ გვირმა დააანონსა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ჰამასის თითოეული ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 

ჰამასის მძევლების ოჯახის წევრების ნაწილი ამ ინიციატივას აპროტესტებს და ამბობს, რომ სიკვდილით დასჯაზე აქცენტის გაკეთება მათი ტყვე ახლობლების სიცოცხლეს აგდებს საფრთხის ქვეშ. ასევე, ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონპროექტის ფონზე ჰამასმა შესაძლოა საერთოდ აღარ მიიღოს მონაწილეობა ტყვეების დაბრუნების მოლაპარაკებების პროცესში. 

"სანაცვლოდ ჩვენ მივიღებთ ჩვენი მოკლული და ნაწამები ახლობლების ფოტოებს, და მათ მკვლელობაში დამნაშავე არა ჰამასი, არამედ ისრაელის სახელმწიფო იქნება" - ამბობს იარდენ გონინი, ჰამასის ერთ-ერთი მძევლის და. 

კომენტარები