ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის გვირაბების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს (VIDEO)

ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ჰამასის გვირაბების ქსელის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები და შინ ბეთის სააგენტო ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ჰამასის გვირაბების ქსელის ამსახველ მტკიცებულებას ავრცელებს.

ვიდეომასალაში ისრაელის ჯარისკაცები აღმოჩენილ გვირაბში გადამღებ მოწყობილობას უშვებენ. IDF-ის თქმით, ვიდეოში საავადმყოფოს ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარე 50 მეტრის სიგრძის გვირაბი ჩანს, რომელსაც აფეთქებისგან დამცავ კარამდე მივყავართ. ისრაელის თქმით, აღნიშნული ვიდეო იმის მტკიცებულებაა, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზის მცხოვრებლებსა და საავადმყოფოს პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებს.

15 ოქტომბერს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციით ჰამასს ალ-შიფას საავადმყოფოში სამართავი პუნქტი ჰქონდა გამართული.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მთავარ საავადმყოფოში შეღწევა 15 ნოემბერს შეძლეს. რეიდამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში რანტისის საავადმყოფოს სარდაფს ჰამასი იარაღის შესანახად იყენებდა. ოპერაციისას ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, როგორც იარაღი, ასევე ნიშნები იმისა, რომ სარდაფში ტყვეები, მათ შორის ბავშვები, იყვნენ დატყვევებულები. 

კომენტარები