დემოგრაფია

მთავრობა: საბჭომ აბორტის საგანგაშო სტატისტიკა განიხილა, დამატებით ღონისძიებები აუცილებელია

საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და "ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით" არსებობს.

"როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას.

საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 16 600 აბორტი გაკეთდა, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 37 000 იყო.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასული ორი წლის მსგავსად, 2022 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს ახალშობილთა რაოდენობამ 42 319 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 49 118 იყო. 2022 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 6 799 კაცით განისაზღვრა. 

2022 წელს წინა წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 7.9%-ით არის შემცირებული (2021 წელს დაიბადა 45 946 ბავშვი). გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 18%-ით (2021 წელს გარდაიცვალა 59 906 ადამიანი. მაშინ სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო).

კომენტარები