ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში ჰამასის ინფრასტრუქტურა და შეიარაღება იპოვა

ისრაელის თავდაცვის ძალების რეიდი ალ-შიფას საავადმყოფოზე
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მთავარ საავადმყოფოში შეღწევა დღეს, 15 ნოემბერს, შეძლეს. თვითმხილველების თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოს ოთახებსა და სარდაფს ისრაელის ჯარისკაცები ამოწმებენ.

ისრაელის თქმით, საავადმყოფოში შეიარაღება და "ტერორისტული ინფრასტრუქტურა" მას შემდეგ იპოვეს, რაც ჰამასის ტერორისტები საავადმყოფოს გარეთ შეტაკებებში მოკლეს.

რეიდამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციით ჰამასს ალ-შიფას საავადმყოფოში სამართავი პუნქტი ჰქონდა გამართული, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურდა, ამის გამო საავადმყოფოში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ან დაწესებულების პერსონალს საფრთხე შეექმნას.

ისრაელის თქმით, საავადმყოფოში შესვლის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობასთან უთანხმოება არ ყოფილა. ისრაელის არმიის განცხადებით, მათ საავადმყოფოს სამედიცინო მარაგი, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები და სამედიცინო ინკუბატორები მიაწოდეს.

რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში რანტისის საავადმყოფოს სარდაფს ჰამასი იარაღის შესანახად იყენებდა. ოპერაციისას ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, როგორც იარაღი, ასევე ნიშნები იმისა, რომ სარდაფში ტყვეები, მათ შორის ბავშვები, იყვნენ დატყვევებულები. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები