რუანდის გენოციდი

პარიზში 1994 წლის რუანდის გენოციდში სავარაუდო მონაწილის სასამართლო დაიწყო

რუანდელი ლტოლვილები, რომლებიც ტანზანიის მთავრობამ საკუთარ ქვეყანაში გააძევა მიუხედავად საფრთხისა, რომ მათ იქ დახოცავდნენ, რუანდის საზღვრისკენ მიდიან, 1996 წლის 19 დეკემბერი
AP Photo/Jean-Marc Bouju, File

რუანდელი ექიმი, სოსთენე მუნიემანა, რომელიც ათწლეულებია საფრანგეთში ცხოვრობს, 1994 წლის რუანდის გენოციდში სავარაუდო მონაწილეობის გამო, პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა. პროცესი დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო.

68 წლის მუნიემანას გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და ასეთ დანაშაულში თანამონაწილეობაში ედება ბრალი.

ის საფრანგეთში 1994 წლის სექტემბერში ჩავიდა და პენსიაზე გასვლამდე ექიმად მუშაობდა. მის საქმეს შესაბამისი სამსახურები ათწლეულების განმავლობაში იძიებდნენ. პირველად საფრანგეთში რუანდის თემის წარმომადგენლებმა საჩივარი მუნიემანას წინააღმდეგ 1995 წელს შეიტანეს.

გენოციდის დროს, 38 წლის ასაკში, მუნიემანა ბურატეს რაიონში გინეკოლოგად მუშაობდა.

სასამართლო პროცესი 1994 წლის აპრილიდან ივლისის შუალედში ტუტსის ეთნიკური უმცირესობის 800 000-მდე წარმომადგენლისა და მათი დამცველი ჰუტუსების მკვლელობიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ იწყება. პროცესი, სავარაუდოდ, 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მუნიემანას საქმე საფრანგეთში რუანდის გენოციდთან დაკავშირებული მეექვსე საქმეა, რომელიც სასამართლომდე მივიდა.

გასულ წელს პარიზის სასამართლომ ლორან ბუკიბარუტას გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2020 წელს 26-წლიანი ძებნის შემდეგ საფრანგეთში დააკავეს რუანდის გენოციდში ბრალდებული რუანდელი ბიზნესმენი ფელიციან კაბუგაც, თუმცა მისი საქმე გაეროს მოსამართლეებმა მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყვიტეს, რადგან 88 წლის კაბუგას დემენცია აქვს.

რუანდაში ტუტსის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები იმჟამინდელი პრეზიდენტის, იუვენალ ჰაბიარიმანას თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაიწყო. ჰაბიარიმანა რუანდის მოსახლეობის უმეტესობის მსგავსად ჰუტუსი იყო. ჰუტუსები პრეზიდენტის მკვლელობაში ტუტსებს ადანაშაულებდნენ და მათმა ექსტრემისტმა ჯგუფმა ამ ეთნიკური უმცირესობის მკვლელობა დაიწყო. გენოციდში ჩართული იყო რუანდის ჯარი და პოლიციაც.

კომენტარები