რუანდის გენოციდი

საფრანგეთში რუანდის გენოციდის დროს მასობრივი მკვლელობების ბრალდებით ექიმს ასამართლებენ

Sayyid Abdul Azim/AP/picture alliance

საფრანგეთში რუანდის გენოციდის დროს მასობრივი მკვლელობების ჩადენის ბრალდებით რუანდელ ექიმს, 68 წლის სოსთენე მუნიემანას ასამართლებენ. სოსთენე მუნიემანა ბუტარეს პროვინციაში გინეკოლოგი იყო და მას მასობრივი მკვლელობების დაწყებას ედავებიან.

ბუტარეს პროვინციაში პროპორციულად ყველაზე მეტი ტუტსი ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოსთენე მუნიემანამ გენოციდის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო ბუტარეს პროვინციაში ტუტსი ხალხის მასობრივ მკვლელობებში და შემდეგ, 1994 წლის ივნისში ოჯახთან ერთად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიქცა.

მას ბრალი ედება, როგორც ამ დანაშაულებების დაგეგმვასა და მომზადებაში, ასევე აღსრულებაში. გავრცელებული ინფორმაციით, სოსთენე მუნიემანა ხელმძღვანელობდა გზებზე საგუშაგო პუნქტების მუშაობას, რათა გაქცეული ტუტსების კვალი აეღოთ. მუნიემანას ასევე ბრალად ედება ტუტსი ხალხის არაჰუმანურ პირობებში გამოკეტვა და მათი ტრანსპორტირება. 

თავად სოსთენე მუნიემანა და მისი ადვოკატი ყველა ბრალდებას უაყოფენ. ადვოკატი აღიარებს, რომ მისი კლიენტი 1994 წლის აპრილში ჰუტუების შეკრებას ესწრებოდა, სადაც გენოციდის დაწყება დაიგეგმა, თუმცა ამ შეხვედრაზე მისთვის არ დაუვალებიათ არცერთი მნიშვნელოვანი საქმე შესასრულებლად. 

სასამართლო პროცესი გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მუხლით მიმდინარეობს. ეს საქმე მეშვიდე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის სასამართლო რუანდის გენოციდში ბრალდებულ პირს ასამართლებს. 

კომენტარები