რუანდის გენოციდი

მაკრონმა რუანდის გენოციდში საფრანგეთის პასუხისმგებლობა აღიარა და პატიება ითხოვა

ემანუელ მაკრონი რუანდაში, 2021 წლის 27 მაისი

დღეს, 27 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუანდაში ვიზიტის ფარგლებში, 1994 წლის რუანდის გენოციდში საფრანგეთის პასუხისმგებლობა აღიარა და პატიება ითხოვა

რუანდას დედაქალაქ კიგალიში, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მაკრონმა თქვა, რომ 1994 წელს საფრანგეთმა უგულებელყო გაფრთხილებები გენოციდის შესახებ. შედეგად, მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. ამიტომ გენოციდში პასუხისმგებლობა საფრანგეთსაც ეკისრება. 

მაგრამ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მხარს არ უჭერდა ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომელმაც 100 დღის განმავლობაში მინიმუმ 800 000 ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა. დახოცილთა უმრავლესობა ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. 

"მხოლოდ მათ შეუძლიათ პატიება, ვინც ის საშინელი ღამე გამოიარა. გვარგუნეთ პატიება... მე დღეს მოწიწებითა და სრული პატივისცემით თქვენ გვერდით ვდგავარ, მე მოვედი, რომ ვაღიარო ჩვენი პასუხისმგებლობის მასშტაბი". – თქვა ემანუელ მაკრონმა.

"მკვლელები, რომლებიც ჭაობებში, მთებსა და ეკლესიებში დაძრწოდნენ, საფრანგეთის სახეს არ წარმოადგენდნენ. საფრანგეთი [მკვლელობების] თანამზრახველი არ ყოფილა". – დაამატა მაკრონმა და ამით ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საფრანგეთი ჰუტუს ექსტრემისტულ ჯგუფს მხარს არ უჭერდა.

გენოციდის შემდეგ საფრანგეთსა და რუანდას შორის ურთიერთობა ცუდად განვითარდა.

რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ის გენოციდის დროს რუანდის პატრიოტული ფრონტის მეთაური იყო. მისი მეთაურობით, გენოციდის ჩამდენთაგან ბევრი კონგოში გააძევეს.

პოლ კაგამე მაკრონის სიტყვებს მიესალმა.

"მისი სიტყვები პატიებაზე მეტად ძლიერი იყო... ეს ვიზიტი ეხება მომავალს და არა წარსულს... მინდა მჯეროდეს, რომ ეს მიდგომა უკუსვლის გარეშე განვითარდება". – თქვა კაგამემ.

აქამდე, 2010 წელს, ნიკოლას სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, ვინც რუანდას გენოციდის შემდეგ ეწვია და მან საფრანგეთისა და საერთაშორისო საზოგადოების რუანდის გენოციდთან დაკავშირებული გარკვეული შეცდომები აღიარა.

ემანუელ მაკრონმა რუანდასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის უფრო დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და გენოციდში საფრანგეთის პასუხისმგებლობის გადამოწმების ბრძანება გასცა. 2021 წლის მარტში გამოქვეყნებული საფრანგეთის გენოციდთან დაკავშირებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყო 1994 წელს მომხდარ მოვლენებში უმოქმედობის გამო, მაგრამ არ ყოფილა გენოციდში პირდაპირ ჩართული. დღეს, 27 მაისს, ემანუელ მაკრონმა სწორედ ამ ანგარიშის შინაარსი გააჟღერა. 

ფრანგული ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ, საკუთარი ანგარიში გამოსცა რუანდამაც, რომელიც საფრანგეთის მთავრობას რუანდის მაშინდელი პრეზიდენტის ჟიუვენალ ჰაბიარიმანას მხარდაჭერაში სდებდა ბრალს. 

1994 წლის გენოციდი აფრიკაში, რუანდაში მოხდა. 1990 წელს რუანდის პატრიოტული ფრონტი, რომელიც ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის დევნილებისგან იყო ფორმირებული და უგანდაში იყო დაფუძნებული, ჩრდილოეთ რუანდაში შეიჭრა და სამოქალაქო ომი დაიწყო. 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ, რომელიც ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რუანდის პატრიოტულ ფრონტთან არუშის პაქტით სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. სიტუაცია დაიძაბა 1994 წლის 6 აპრილს ჰაბიარიმანას მკვლელობის შემდეგ. შედეგად რუანდის სამხედროებმა დახოცეს ძირითადად ტუტსის ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, ნეიტრალურად განწყობილი ჰუტუები და ტვას ეთნიკური ჯგუფის წევრებიც. ხოცვა-ჟლეტა 1994 წლის 7 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით გრძელდებოდა და მას, მინიმუმ, 800 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებობდა მოსაზრებები, რომ ტუტსის ჯგუფის ეთნიკური წმენდა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და იმდროინდელი პრეზიდენტის მკვლელობამ მოვლენები მხოლოდ დააჩქარა. გენოციდს საერთაშორისო რეაგირება არ მოჰყოლია. 

კომენტარები