საქართველოს პარლამენტი

ბერაია: ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ

ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თქმით, ის გადადგომას არ აპირებს. 

"ვფიქრობ, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც პლენარულ სხდომაზე გავაჟღერე, არ უნდა მეთქვა. ეს მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე კიდეც. შესაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ, ყველაფერი ნათქვამია. ასევე, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ კარგად გაიგოს. იქამდე, სანამ მეც და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ერთად საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ, ჩემი პოზიცია ასეთია". - თქვა ბერაიამ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე.

ამ განცხადებით ბერაიამ პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ბერაიას უთხრა, რომ სირცხვილია, რომ ის ისევ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ბერაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აპირებს, რომ ქართული ოცნების წევრს, ირაკლი ბერაიას სასამართლოში უჩივლოს. 

"გაჩერებას არ ვაპირებ. ქართულმა ოცნებამ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც" - თქვა აქუბარდიამ.

 

კომენტარები