ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რუსეთი ახლო აღმოსავლეთზე დეზინფორმაციას ავრცელებს – Microsoft-ის პრეზიდენტი

Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი პარიზში, ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, 2023 წლის 10 ნოემბერი
Ludovic Marin, Pool via AP

Microsoft-ის ვიცეთავმჯდომარისა და პრეზიდენტის, ბრედ სმიტის თქმით, ისრაელი-ჰამასის ომის გამო რეგიონში დაძაბულობის მატებასთან ერთად, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაციას ავრცელებს.

პარიზში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე სმიტს კითხეს რა არის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. სმიტის თქმით, Microsoft-ი და მისი კონკურენტები დეზინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ებრძვიან.

"ჩვენ უკეთ ვახერხებთ რუსული კამპანიის იდენტიფიცირებას, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ ხალხისთვის ეთქვათ, რომ არ გაეკეთებინათ COVID-ის ვაქცინა... ისევე ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში". - თქვა სმიტმა.

მანვე აღნიშნა, რომ Microsoft-ი და სხვა კომპანიები დეზინფორმაციის კამპანიის გამოვლენას ახერხებენ "ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულირებული, მოდიფიცირებული, შეცვლილი შინაარსის გამოვლენას".

რუსეთს ჰამასის ისრაელზე თავდასხმა ამ დრომდე არ დაუგმია და ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს ომის დაწყების შემდეგ  მოსკოვშიც უმასპინძლა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები