ნიკა მელია

ბოკუჩავა: გონივრული იქნებოდა, მელიამ საქმიანობა ენმ-ის გარეთ, სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მან ამოიკითხა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული სიტყვების ადრესატი ნიკა მელია იყო.

"მე ნამდვილად ამოვიკითხე პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებში, რომელიც თავად მოვისმინე სასამართლო სხდომაზე, რომ მისი ადრესატი იყო ნიკა მელია და თუ არასწორად ამოვიკითხე, ძალიან ვწუხვარ". - თქვა მან.

ბოკუჩავა ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ სააკაშვილის პოზიცია ყველა საკითხთან მიმართებაში, რაც პარტიას ეხება - "გადამწყვეტია". 

"მე პირდაპირ მივიღე ეს გზავნილი, როგორც მინიშნება და მეტიც მითითება ნიკა მელიასადმი, რომელმაც პარტიის კრიტიკა გაიხადა საკუთარ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად, რომ თუ ამ რეჟიმში აპირებს ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ მან ეს პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს არა ამ პარტიის წიაღიდან, არამედ სხვა პოლიტიკური პლატფორმიდან”. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

5 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის პარტიის მდგომარეობაზე საუბრობდა და ნიკა მელიას დამსახურებაზე მაღალი წარმოდგენისაა.

კომენტარები