ივანიშვილის წარმომადგენელი, თეა წულუკიანი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.
"რაც შეეხება მოსამართლის წინაშე მის ქცევას - მე ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები უნდა იყვნენ, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთს და მათ შორის, ნიკა მელიას, მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია. სავარაუდოდ, ამას კარგად შესწავლა და კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება სჭირდება". - თქვა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის, 30 მაისს, სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც მელია დარბაზიდაან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტამდე მოსამართლეს მელიამ მიმართა: - "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა".
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
366-ე მუხლის დარღევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.





