ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჯონსონი: პალესტინის მხარდასაჭერი მსვლელობები ჰამასის სასტიკი ქმედებების მიტევებაა

ავსტრალიის ყოფილი პრემიერი სკოტ მორისონი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ისრაელში
AP/Ariel Schalit

გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრები ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი 5 ოქტომბერს სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდნენ.

ბორის ჯონსონმა ისრაელური გამოცემა Channel 12-თან ინტერვიუში ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი სიმხეცე უწოდა" და განაცხადა, რომ "ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს".

"ჰამასის ტერორიზმსა და ისრაელის თავდაცვის ძალების ქმედებებს შორის არ შეიძლება იყოს მორალური ტოლობის ნიშანი", - თქვა ჯონსონმა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი გაერთიანებულ სამეფოში გამართულ მასობრივ დემონსტრაციებზე, რომელზეც ჰამასს უჭერენ მხარს, ხოლო ისრაელს გმობენ, ბორის ჯონსონმა უპასუხა: "ყველას, ვინც მსოფლიოს გარშემო პალესტინის მხარდასაჭერად აქციებზე გამოდის ვეტყოდი, რომ სინამდვილეში რასაც აკეთებენ, განზრახ არის ეს თუ - არა, ჰამასის სასტიკი ქმედებების მიტევებაა".

ინტერვიუში ბორისმა ასევე გაერთიანებულ სამეფოში მზარდ ანტისემიტიზმზე ისაუბრა და თქვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის ფონზე, ანტისემიტიზმის საფრთხის მიმართ მუდამ სიფხიზლე გვმართებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები