ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ისრაელში ზელენსკის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – TOI

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი
YVES HERMAN / POOL/AFP

The Times of Israel-ი უკრაინელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელში ჩასვლას ნამდვილად გეგმავდა, თუმცა Channel 12-ის მიერ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"მას სურდა ვიზიტი გამხდარიყო საჯარო მაშინ, როდესაც ფეხს ისრაელის მიწაზე დადგამდა. ის ძალიან იმედგაცრუებულია". - უთხრა გამოცემას დიპლომატმა, რომლის ვინაობაც დასახელებული არ არის.

აქამდე, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ზელენსკი ისრაელში ჩავიდოდა.

"დიპლომატური წყაროების ცნობით უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს მომავალი კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა". – წერდა Channel 12.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არც ნეთანიაჰუ ჩასულა კიევში და არც ზელენსკი ისრაელში. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლოს ერთმანეთს სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდა.

კომენტარები