გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის არმიის ინჟინრების თქმით, სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილებზე განხორციელდება, რომელზეც ისრაელმა ბოლო დღეებში კონტროლი დაამყარა. ისრაელი რობოტებისა და ფეთქებადი მოწყობილობების მეშვეობით გვირაბების დანგრევას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ამ დროისთვის 100-მდე გვირაბი გაანადგურა.
"ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს - ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში მოკვდებიან", - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ოფიცერმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ იაირ გოლანმა ინტერვიუში თქვა, რომ "IDF-ის ჯარისკაცები ჰამასის გვირაბებში არავითარ შემთხვევაში შევლენ". მისი თქმით, გვირაბებში შესვლის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან უფრო ბრძნული იქნება, თუ IDF გვირაბების შესასვლელებს იპოვის და გაანადგურებს.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.