ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ჯაბალიაზე იერიშის შედეგად ჰამასის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური მოვკალით

ჯაბალია იერიშების შემდეგ
REUTERS

მედიაში 31 ოქტომბერს ჯაბალიაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველი დაუდასტურებელი ცნობებით, ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მართვის ქვეშ მყოფმა "ჯანდაცვის სამინისტრომ" თქვა, რომ ისრაელის საჰაერო იერიშს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მხარემ კომენტარი მოგვიანებით გააკეთა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ღაზაში მდებარე გვირაბებში ჰამასის ტერორისტებს ებრძვიან. IDF-ის მიერ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებული ცნობით, ისრაელის ავიაციამ, შინ ბეთის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიტანილი იერიშის შედეგად, ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური იბრაჰიმ ბიარი მოკლა.

IDF-ის პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, იბრაჰიმ ბიარი 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს ერთ-ერთი ლიდერი იყო და იგი ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის მიმდინარე ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

ჰაგარის ცნობით, იბრაჰიმ ბიარის მკვლელობა ჰამასის ტერორისტების მხრიდან ექსტენსიური თავდასხმის ფონზე მოხდა, რომლის ფარგლებშიც ჰამასმა ქალაქ ღაზაში სამოქალაქო დანიშნულების შენობები დაიკავეს.

ჰაგარის თქმით, იერიშის შემდეგ ტერორისტების მიერ მიწისქვეშ განლაგებული ინფრასტრუქტურა შენობის ქვეშ ჩამოიშალა, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციის ქმედუნარიანობა ღაზის სექტორში მნიშვნელოვნად დაზიანდა.

განცხადების ბოლოს ისრაელი კიდევ ერთხელ იმეორებს ღაზის სექტორის მოქალაქეების მიმართ მოწოდებას, დატოვონ ჩრდილოეთი და სამხრეთით წავიდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერის ავიხაი ადრაის თქმით, იერიშის შედეგად ისრაელის გივატის ბრიგადამ ჯაბალიაში მდებარე სამხედრო სიმაგრეზე კონტროლი დაამყარა, შეტევისას კი 50 ტერორისტი მოკლეს.

ადრაის ცნობით, ჰამასთან დაკავშირებული ჯაბალიის ბრიგადა, ზემოხსენებულ სიმაგრეს ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და განხორციელებისთვის იყენებდა.

კომენტარები