ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ი ღაზის მშვიდობიან  მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი
Gideon Markowitz/TPS

მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს ისრაელმა ომის ახალ ფაზაზე გადასვლა გამოაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარმა ღაზის მშვიდობიან  მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ჩრდილოეთ ღაზის, ქალაქ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ვადი ღაზის სამხრეთით უნდა გადავიდეს, შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები". - ამბობს IDF-ის სპიკერი.

გარდა ამისა, ჰაგარის თქმით, ორშაბათს, 30 ოქტომბერს "ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული ძალისხმევა, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება". 

პრესკონფერენციისას ჰაგარიმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ომის დაწყების ინიციატორი არ ყოფილა და დასძინა, რომ ებრძვიან "ჰამასს და არა ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას", რომელსაც ტერორისტები ცოცხალ ფარად იყენებენ.  

"ჰამასი საკუთარ ხალხს დამცავ ფარად იყენებს. ისინი სამოქალაქო შენობების შიგნით და მის ქვეშ ზუსტად იმიტომ ოპერირებდნენ, რომ იციან, IDF-ი ერთმანეთისაგან ასხვავებს ტერორისტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას". - ამბობს IDF-ის სპიკერი.

გუშინ, 28 ოქტომბერს ჩრდილოეთ ღაზის მცხოვრებლებს სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები