საქართველოს საპატრიარქო

ბოკერია კირბალზე: საპატრიარქო ერთი ერთშია ჩვენი მტრის პროპაგანდასთან

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ რუსეთისგან ქართული ეკლესიის აჭედვა გასაკვირი არაა, მაგრამ მისი თქმით, ამ საკითხზე განსაკუთრებით აღმაშფოთებელი რეაქცია საქართველოს საპატრიარქოს ჰქონდა. კერძოდ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარის აჭედვის მიზეზად "საქართველოს დროშის აფრიალება" დაასახელა. გიგა ბოკერიას შეფასებით, საპატრიარქო მტერი სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას იმეორებს.

"რუსეთისგან ამ ტიპის ამაზრზენი საქციელი არ არის გასაკვირი, რუსეთს აქვს სამარცხვინო რეპრესიების და აგრესიის ღრმა ტრადიცია საქართველოს და კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაა, რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მის ხელთ არსებულ რომელიმე ინსტრუმენტს გამოიყენებს და ეცდება მაინც მის შეკავებას. ამას ეს რეჟიმი არ აკეთებს და უფრო მეტიც, ომის შიშის დანერგვის პროპაგანდისთვის იყენებს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი რეაქცია მოვისმინეთ საქართველოს საპატრიარქოსგან, მისმა სპიკერმა პრაქტიკულად დაადანაშაულა ქართული მხარე ან რომელიმე მისი მოქალაქე. მან თქვა, რომ სოფელ კირბალში, რომელიც მდებარეობს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, აღიმართა ქართული დროშა და საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს დროშის აღმართვას მოჰყვა მტრის მიერ ეკლესიის აჭედვა. ამ ამბავში მან გაამტყუნა ის, ვინც საქართველოს დროშა აღმართა. მისი განცხადება იყო იმაზე, როგორი უპასუხისმგებლობა იყო და მისი სიტყვებით, როგორ გახდა ეს ეკლესიის აჭედვის საფუძველი.

ანუ დღეს საქართველოს საპატრიარქოს სპიკერს, ვინც მას წარმოადგენს, ანუ საქართველოს საპატრიარქოს, პროვოკაციად, გაუმართლებლად და დასაგმობ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს დროშის აღმართვა, იმიტომ, რომ მერე მტერმა აჭედა ეკლესია.

ეს ხალხი ერთი ერთშია ჩვენი მტრის პროპაგანდასთან და ხელისუფლების პროპაგანდასთან, რომელიც ამაზე კაპიტალიზაციას ცდილობს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ამ მავნებლური, მოღალატეობრივი ლოგიკით პროვოკაცია თუ არის საქართველოს დროშის აღმართვა და ეს თუ რამენაირად მაინც ამართლებს მტრის საქციელს ან რამენაირად მაინც თუ გასამტყუნებელია, მაშინ პროვოკაცია არის საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც, და საქართველოს არსებობაც. აქამდე მიდის საქართველოს თავისუფლების მტრების ლოგიკა" - თქვა ბოკერიამ ბრიფინგზე.


26 ოქტომბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარის აჭედვას გამოეხმაურა. ჯაღმაიძის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ იქ ვიღაცამ საქართველოს დროშა ააფრიალა.

"მთავარ არხზე გუშინ გასულ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი. მოსახლეობისგან ინტერვიუ აიღეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ და შემდგომ ეს კადრები გადმოდის მლეთის ლომისის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი. იქ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სწორედ ამ სოფელშია ეს ტაძარი.

მოკლედ, გეტყვით რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. რაღაც პერიოდის წინ, იქაც შესაძლებელი იყო გადასვლა. ჩვენი მომლოცველები წელსაც იყვნენ გადასულები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ქართული დროშა ააფრიალა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ რუს სამხედროებს უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ - აეჭედათ კარი და იქ შესვლა შეეზღუდათ. ასეთი ტაძრები გორის რაიონში რამდენიმე გვაქვს [...] ამიტომ, ყოველგვარი გაუცნობიერებელი, დაუფიქრებელი განცხადება, სახელების და ადგილების აღრევა და მოვლენების გადანაცვლება ისედაც დაძაბულ გარემოს საფრთხეს უქმნის". - თქვა ჯაღმაიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ჯაღმაიძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასაც გამოეხმაურა, სადაც, ქაცარავას თქმით, მლეთაში, ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ ადგილზე რუსი სამხედროების მორიგეობა მუდმივად ხდება.

"პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. აქ კვირაში ერთხელ ან ორჯერ პატრული ამოდის. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა. მათ აქ მორიგეობა აქვთ და ამოდიან. გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას დრონი ააფრინეს. თუმცა, დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. მისი აფრენა ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ, ყოფილა ასეთი შემთხვევები. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით მუდმივად ხდება. ეს არის სასაზღვრო ზოლი და აქ საფრთხეები არსებობს". - თქვა ჯაღმაიძემ, რომელიც Facebook-ის პირდაპირ ეთერში სოფელ მლეთადან, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო.

კომენტარები