არჩევნები 2024

ამ ეტაპზე ლომჯარია ზურაბიშვილთან და გახარიასთან ალიანსის შექმნას არ განიხილავს

ყოფილმა სახალხო დამცველმა და სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ფორმულას ეთერში კითხვაზე - ფიქრობს თუ არა გიორგი გახარიასთან და სალომე ზურაბიშვილთან ალიანსში შესვლასა და პოლიტიკურ საქმიანობაზე - პასუხად აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სამოქალაქო პლატფორმაზე რჩება და თანამშრომლობას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, როცა პროცესების განვითარება უკეთ გამოიკვეთება.

"ამ ეტაპზე, მე ვრჩები ამ პლატფორმაზე და ჩვენი და ჩემი ინტერესის მთავარი საგანი არის სწორედ ევროინტეგრაცია და ხელშეწყობა ამ პროცესის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმ პლატფორმიდან და იმ საზოგადოებრივი ინიციატივებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განჭვრეტა, მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, არ მიმაჩნია დღეს სწორად და სწორ და სერიოზულ მსჯელობად, ამიტომ ამ საკითხებზე ცოტა უფრო მერე დავფიქრდები და გიპასუხებთ, როცა პროცესების განვითარება უკეთ გამოიკვეთება" - თქვა ნინო ლომჯარიამ.

აქამდე, ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ექსპრემიერის გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ერთობლივი პოლიტიკური პარტიის შექმნა იგეგმება.  

ამასთან, კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკურიც და აღნიშნა, რომ ალიანსში შესვლას არც ნინო ლომჯარიასთან და არც სალომე ზურაბიშვილთან არ გეგმავენ. 

"როგორც კი ვინმესთან თანამშრომლობა მოგვინდება და გადავწყვეტთ, რომ კარი გავაღოთ, ამას, პირველ რიგში, ჩვენგან თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება გაიგებთ. ქალბატონი ნინო ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის. სალომე ზურაბიშვილზე კი ეს უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხულია, რადგან ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს". - თქვა ბუჩუკურმა.

კომენტარები