არჩევნები 2024

კობახიძე: არსებობს გეგმა, რომ არჩევნებისთვის ზურაბიშვილი-გახარია-ლომჯარიას პარტია შეიქმნას

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათი ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ექსპრემიერის, გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ერთობლივი პოლიტიკური პარტიის შექმნა იგეგმება.

"რაც ჩვენ ვიცით, ზოგადად, ასეთი გეგმა არსებობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ზურაბიშვილი-გახარია-ლომჯარიას პოლიტიკური პარტია შეიქმნას. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი გაერთიანება ყოვლად უპერსპექტივოა [...] ეს პოლიტიკური პარტია ისევ და ისევ კოლექტიური ნაცმოძრაობის ფარგლებში შეიქმნება. ის ქალბატონებიც, ვინც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა არიან. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

23 ოქტომბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებრივი პლატფორმა საქართველოს ევროპული ორბიტა დააფუძნა.

შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ზურაბიშვილთან საერთო ვიზიტი არ გამორიცხა. თუმცა, ლომჯარიას თქმით, მას და პრეზიდენტს კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრიათ.

კომენტარები