ჩინეთი

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ლი შანგფუ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს

ჩინეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლი შანგფუ
PTI

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ლი შანგფუ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს. საკითხს ჩინეთის უმაღლესმა კანონმდებლებმა ეროვნულ სახალხო კონგრესში უყარეს კენჭი.

გადაწყვეტილებას ოფიციალური პეკინის მხრიდან ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია. ამასთან, ჯერჯერობით არ დაუნიშნავთ ლის შემცვლელიც, შესაბამისად, 29-31 ოქტომბერს პეკინის სიანგშანის ფორუმზე უცხო ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მასპინძლობისთვის მზადების პარალელურად, ჩინეთი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.

ლი შანგფუ საჯაროდ 29 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილა. 15 სექტემბერს გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის, CCTV-ის ცნობით, 24 ოქტომბერს ჩინელმა კანონმდებლებმა ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენებული ცინ კანგი სახელმწიფო მრჩევლის პოსტიდანაც მოხსნეს.

ცინ კანგი, რომელმაც ჩინეთის ელიტური პოლიტიკის სასტიკ სამყაროში წარმოუდგენელი წინსვლა შეძლო და სი ძინფინგის მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა, ივნისის ბოლოს მოულოდნელად გაქრა, 25 ივლისს კი ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოხსნეს. ამ თანამდებობის დაკავებამდე, 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის იანვრამდე ცინი აშშ-ში ჩინეთის ელჩი იყო.

მაღალი თანამდებობის პირების საჯარო თვალიდან გაქრობა ჩინეთში იშვიათი არაა, თუმცა ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მოგვიანებით მაღალჩინოსნები ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოჩნდებიან ხოლმე, ან აღმოჩნდება, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა.

ელიტურ წრეებში თანამდებობის პირების გაუჩინარების ბოლოდროინდელი შემთხვევები სი ძინფინგის მთავრობაში არსებული პრობლემების გამოძახილია. თვეების განმავლობაში გაუჩინარებულები იყვნენ და აგვისტოში თანამდებობიდან ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხსნეს ჩინეთის ბირთვული არსენალის მართვაში ჩართული ელიტური დანაყოფის ორი ლიდერიც.

კომენტარები