ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ ისრაელს "მასიურ და უპრეცედენტო" სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ბაიდენის შეხვედრა ისრაელის ომის კაბინეტთან, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ უხელმძღვანელა, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Haim Zach/GPO

18 ოქტომბერს თელ-ავივში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს სხვა საკითხებთან ერთად ამერიკის მხრიდან ომში ისრაელის დახმარებაც განიხილეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ "მასიურ, უპრეცედენტო" სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომელიც ისრაელს ჰამასის დამარცხებაში დაეხმარება.

"შევთანხმდით ქმედებებზე, რომლებიც ჩვენი სამართლიანი ომის გაგრძელებას უზრუნველყოფს. შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც ბალანსს ყველა ფრონტზე შეცვლის და ომის მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება". – თქვა ნეთანიაჰუმ.

მანვე აღნიშნა, რომ ბაიდენის ვიზიტი პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანას ომის დროს ეწვია.

ამასთან, შეხვედრაზე კონფლიქტის სამომავლო განვითარება განიხილეს. ბაიდენის თქმით, ესმის, რომ ისრაელის ომს ტერორიზმთან შეიძლება დრო დასჭირდეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა კი აღნიშნა, რომ ომის საწყისი ფაზებიდან გამოსვლისა და გახანგრძლივებისას აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. 

“ამას შეიძლება წლები დასჭირდეს”. – თქვა ოპოზიციური პარტიის, ეროვნული ერთიანობის მეთაურმა, ბენი განცმა, Times of Israel-ის ინფორმაციით.

კომენტარები