ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდების საერთო განცხადება

იუდაიზმი და ისლამი
Shutterstock

საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები Facebook-ზე ავრცელებენ საერთო განცხადებას, რომელშიც უსვამენ ხაზს, რომ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებთან უშუალოდ ისლამისა და იუდაიზმის რწმენა-წარმოდგენებს არანაირი შეხება არ აქვს. მათივე თქმით, ამ კონფლიქტებს რელიგიური ხასიათი არ აქვს და იუდეველი და მუსლიმი საზოგადოებების დაპირისპირებას არ გულისხმობს.  

"მივიჩნევთ, რომ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში რელიგიის ინსტრუმენტალიზებით ჩადენილი დანაშაულები დასაგმობია თითოეული ადამიანის მხრიდან და მისი იუდეურ-ისლამურ ჭრილში წარმოჩენა და განხილვა ყოვლად შეუსაბამოა ობიექტური რეალობისთვის". – წერია განცხადებაში.

ისინი განმარტავენ, რომ შუა აღმოსავლეთში განვითარებული კონფლიქტის გამო საზოგადოებაში მომრავლდა რადიკალური განწყობები და განცხადებები, რომლებიც ისლამოფობიურ და ანტისემიტურ ხასიათს ატარებს. 

"ვხედავთ ზედაპირულ და ხშირ შემთხვევაში სიძულვილის ენაზე დაყრდნობილ მოწოდებებს, რომელიც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ უფრო უარყოფითი განწყობებით კვებავს". – წერია განცხადებაში.

საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმის ისლამოფობიასა თუ ანტისემიტიზმს. მათი თქმით, ანტისემიტიზმის საფრთხეები ისტორიამ ბევრჯერ გამოააშკარავა, ხოლო ისლამოფობიის საფუძველზე მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოება ვერასდროს იარსებებს. 

"ჩვენ საქართველოს იუდეველი და მუსლიმი ახალგაზრდები ერთნაირად ვგმობთ ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენი საერთო ხმა ისმოდეს ამ მავნებლური განწყობების შექმნის, გაღვივებისა და გავრცელების წინააღმდეგ. [...] ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია"! – წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • მშვიდობის სინაგოგა,
  • მშვიდობის მეჩეთი,
  • პროგრესული იუდაიზმის ცენტრი "დორ ლედორ",
  • მიხეილ გრიშაშვილი
  • ქეთი ჩიკვილაძე,
  • ლია დეკანაძე,
  • გიორგი ბროლაძე,
  • ნესტან ანანიძე,
  • მაია რიჟვაძე,
  • ზაზა მიქელაძე,
  • ზეინაბ წულუკიძე,
  • თეონა დალაქიშვილი,
  • თორნიკე ნამიჭეიშვილი,
  • ზურაბ ჩიქვილაძე,
  • ოქტაი ქაზუმოვი,
  • ანი ნოზაძე,
  • ილონა ლევინეც,
  • ავთანდილ შავაძე,
  • აითაჯ ხალილი,
  • თოზუ გულმამედლი,
  • მერი ჭელიძე,
  • სემა სადიქ,
  • ეკატერინე ჯიშიაშვილი,
  • ბადრი ნაკაიძე,
  • ჰურიე აბაშიძე,
  • აიჰან ჰასანლი,
  • თამთა თავართქილაძე,
  • თამთა შავაძე,
  • რაუფ ნოვრუზა
  • ლოვი,
  • თამუნა იაკობაძე,
  • ნათია ჭელიძე.

კომენტარები