კრიმინალი

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

Საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში  მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის,  რომლებმაც  დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს". - აცხადებს საგამოძიებო უწყება. 

გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით [დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული] წარედგინათ. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის "ცოლის" მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი 13 ოქტომბერს დააკავა.


საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.

14 წლის აითაჯ შახმაროვას უფლებამონაცვლე დაღუპულის მამა გახდა. ისა შახმაროვს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - კაცი მკვლელობის დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.

კომენტარები