კრიმინალი

14 წლის გოგოს საქმე – მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის "ცოლის" მკვლელობაში ბრალდებული ალიმ ასლანოვის ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი, 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. მათ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ,

"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს" - აცხადებს შსს.


საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.

14 წლის აითაჯ შახმაროვას უფლებამონაცვლე დაღუპულის მამა გახდა. ისა შახმაროვს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - კაცი მკვლელობის დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.

კომენტარები