ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჟვანია: თუ სასწრაფოდ უნდა ვინმეს ბილეთი, ლარნაკის გავლით გაემგზავროს საქართველოში

საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თელ-ავივიდან თბილისში დაბრუნება სურთ და პირდაპირ რეისებზე ბილეთს ვერ ყიდულობენ, ათენისა და ლარნაკას მიმართულებით ფრენა და საქართველოში ამ ქალაქებიდან დაბრუნება ურჩია. ელჩის ინფორმაციით, დამატებით რეისს თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways დღეს, 15 ოქტომბერსაც შეასრულებს.  

"დღეს თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ოთხი რეისი სრულდება. დილას შესრულდა Georgian Airways-ის რეისი, ახლა მიდის რეგისტრაცია IsrAir-ის რეისზე და საღამოს გვექნება დამატებითი რეისი Georgian Airways-ის, რომელზედაც, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. 

მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ თუკი ვინმეს სასწრაფოდ გამომგზავრება სურს იმიტომ, რომ ემოციური დატვირთვა დიდია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის სამხრეთისკენ ცხოვრობენ, არის უამრავი რეისი, ELAl-ის რეისები განსაკუთრებით, კვიპროსის მიმართულებით და ათენის მიმართულებით. ძალიან მარტივი არის, იაფიც არის საკმაოდ, რომ ლარნაკაზე აიღოს ადამიანმა ბილეთი და შემდგომ გადაჯდომით გაემგზავროს საქართველოში. ასე რომ, თუკი ვინმეს სასწრაფოდ უნდა და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის ეს საშუალება და შეუძლიათ, რომ გამოიყენონ". - თქვა ლაშა ჟვანიამ TV იმედთან ინტერვიუში. 


7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისები 11 ოქტომრიდან დაინიშნა. 

მანამდე, 8 ოქტომბერს, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე, სოფო ცარციძე მთავარი არხთან ამბობდა, რომ საქართველოს საელჩო მოქალაქეებს არ ეხმარება.

"როცა საელჩოში დავრეკეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადა, არავის ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია და წასვლა თუ გნებავთ, ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო [...] ძალიან არარეალურია ის, რომ ჯორჯიან ეარვეისზე ბილეთები 2 000 ლარი გახდა [...] რატომ გვწირავენ, ასე რომ ვთქვათ, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ [...] არიან ადამიანები, რომლებსაც ის დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები შეიძინონ და სამშობლოში დაბრუნდნენ" - თქვა სოფო ცარციძემ

ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი დამატებითი რეისი 11 ოქტომბერს დაინიშნა. მომდევნო დამატებითი ფრენა იმავე მიმართულებით 12 ოქტომბერს შესრულდა.

კომენტარები