ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს მთავრობა თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს

Getty Images

აშშ-ს საელჩო ისრაელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების მთავრობა თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს.

მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების უახლოეს წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ აშშ-ს გემით, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას 16 ოქტომბერს დატოვებს.

საელჩოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს მოქალაქეები და მათი ოჯახები თავად იქნებიან პასუხისმგებლები ქალაქ ჰაიფამდე, შემდეგ კი კვიპროსიდან დანიშნულების ადგილამდე მგზავრობა უზრუნველყონ.


13 ოქტომბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ისრაელს მძევლების დახსნის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დამხარება შესთავაზა

თანხმობის შემთხვევაში სპეციალისტები ისრაელს ჰამასის ტერაქტების შემდეგ დაკარგული და გატაცებული ამერიკელების მოძებნასა და გადარჩენაში დაეხმარებიან.

14 ოქტომბერს კი პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ომის გაფართოების მცდელობის შესაკავებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გააგზავნის.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები