ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AXIOS: ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ ჩარევა მოუწევს, თუ ღაზაზე იერიში გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი
IRNA

Axios-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს, 14 ოქტომბერს ირანმა გაეროს მეშვეობით ისრაელს შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში თეირანს კონფლიქტში ჩარევა მოუწევს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დღეს ბეირუთში შეხვდა ახლო აღმოსავლეთში გაეროს დიპლომატიურ წარმომადგენელს, თორ ვენსლენდს, რომელმაც ამირ-აბდოლაჰიანს კონფლიქტის ფართოდ გავრცელების თავიდან არიდებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

მოწოდების პასუხად, Axios-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ირანს არ სურს კონფლიქტი რეგიონულ ომში გადაიზარდოს და ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაში დახმარებაც უნდა. თუმცა, გამოცემის წყაროების თანახმად, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს თავისი წითელი ხაზები აქვს და თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება - განსაკუთრებით, თუ ისრაელი ღაზაზე სახმელეთო შეტევის შესახებ დაპირებას შეასრულებს - ირანს პასუხის გაცემა მოუწევს.

როგორც Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვენსლენდმა შეხვედრის შემდეგ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ცახი ჰანეგბის და სხვა ოფიციალურ პირებს დაურეკა და ირანის მესიჯი გადასცა.

ვენსლენდის ოფისმა დაადასტურა, რომ 14 ოქტომბერს ის ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა და თქვა, რომ მათ "მძევლების გასათავისუფლებლად, დეესკალაციისა და რეგიონში კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ძალისხმევა" განიხილეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა საკითხთან დაკავშირებით Axios-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის კითხვებისთვის არ უპასუხია არც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები