ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად ვმუშაობ – ბაიდენი

ჯო ბაიდენი ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 13 ოქტომბერი
Evan Vucci/AP

პარასკევს, 13 ოქტომბერს ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჰამასს "სუფთა ბოროტება" უწოდა და თქვა, რომ პალესტინელების უმრავლესობა ტერორისტების მმართველობის ქვეშ იტანჯება. მანვე აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად მუშაობს.

"ჩვენ არ შეგვიძლია მხედველობიდან დავკარგოთ ფაქტი, რომ პალესტინელების ჭარბ უმრავლესობას ჰამასთან საერთო არაფერი აქვს, შედეგად ისინიც იტანჯებიან". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ამერიკელებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ ოჯახებთან უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მუშაობს იმის უზრუნველსაყოფადაც, რომ "ისრაელს ჰქონდეს ის, რაც თავის დასაცავად სჭირდება".

მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ბაიდენს ჰკითხეს რა აღელვებს ყველაზე მეტად ისრაელის ღაზაში სავარაუდო შეჭრაზე, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა ერთი სიტყვით უპასუხა: "სიკვდილი".

ჰამასის ტერორისტების ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 1 900-ს გადააჭარბა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები