რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი დიქტატურად აღიარა

ვლადიმირ პუტინი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ვლადიმირ პუტინის რეჟიმი დიქტატურად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

"ამ წუთებში, PACE-მა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინს დიქტატორად აღიარებს, რუსეთს კი, დე ფაქტოდ, დიქტატურად. PACE-მა წევრ ქვეყნებს მოუწოდა შეასრულონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ დაკისრებული ვალდებულება და დააკავონ ვლადიმირ პუტინი. ამავდროულად, რეზოლუცია ქვეყნებს მოუწოდებს აღიარონ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი". - წერს გონჩარენკო.

უკრაინის რადას დეპუტატის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 43 ხმით მიიღო.


2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

მოსკოვმა პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ICC-ის პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნით უპასუხა. რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული ჰააგის სასამართლოს რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის, ბრიტანელი პროკურორი კარიმ ხანი და მოსამართლეები, ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.

კომენტარები