ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში გაეროს მისიას ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამისას უთხრა, რომ "ვადი ღაზას ჩრდილოეთით ღაზის მთელი მოსახლეობა მომდევნო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ღაზაში უნდა გადავიდეს". ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჯარიკმა გაავრცელა.
მოგვიანებით გაერო ისრაელის მოთხოვნას განცხადებითაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ღაზის მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გარეშე "შეუძლებელია".
"ეს დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანია. იგივე ბრძანება ვრცელდება გაეროს სრულ პერსონალზე და მათზე ვინც თავშესაფრად იყენებს გაეროს ობიექტებს, მათ შორის, სკოლებს, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებს... გაერო დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე მსგავსი გადაადგილების განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს... ნებისმიერი მსგავსი ბრძანების დადასტურების შემთხვევაში, გაერო მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს, რათა ისედაც ტრაგიკული სიტუაცია დამღუპველად არ იქცეს". - ამბობს გაერო.
ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი და მას "სამარცხვინო" უწოდა.
"გაერო ჰამასის იარაღით მომარაგებასა და მის მიერ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებით იარაღისა და მკვლელობების დამალვაზე მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს... ახლა, იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაუდგეს ისრაელს, რომლის მოქალაქეები ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს და ვინც ცდილობს, უდანაშაულოთა ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს, ის ისრაელს არიგებს. სჯობს, გაერომ ახლა მძევლების დაბრუნებაზე, ჰამასის დაგმობასა და საკუთარი თავის დაცვაზე ისრაელის უფლების მხარდაჭერაზე გაამახვილოს ყურადღება". - თქვა ელჩმა CNN-თან ინტერვიუში.
ამასთან, CNN-ის ცნობით, ერდანის პასუხის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელის ელჩისგან ევაკუაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მეტი სიცხადისთვის დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. მათ შორის უკვე გაიმართა ორი სატელეფონო საუბარი.
ისრაელმა ღაზასთან 300 000 რეზერვისტი მოაგროვა, თუმცა ჯერ არ დაუდასტურებია აპირებს თუ არა სექტორზე სახმელეთო შეტევას. პარალელურად, სრული ბლოკადის ფონზე, ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი მძაფრდება.
ჰამასის თავდასხმის პასუხად ისრაელის იერიშებს ღაზაში უკვე 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გაეროს ცნობით, 338 000-ზე მეტმა პალესტინელმა სახლი უკვე დატოვა.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





