დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გაერო: ღაზის სექტორში 338 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია

გაეროს მონაცემებით, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაძაბულობის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში საკუთარი სახლი იძულებით უკვე 338 000 პირმა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, ერთ დღეში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 75 000-ით გაიზარდა.

გაეროს მიხედვით, 220 000-მდე იძულებით გადაადგილებული თავს აფარებს გაეროს სააგენტოების მიერ პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად მოწყობილ სკოლებს. 100 000-მდე კი თავს აფარებს ნათესავებს, მეზობლებსა და ღაზის სექტორში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებულ კონტრშეტევას ღაზაში, სულ მცირე, 1 055 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია 5 184.

9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოაცხადა.

იმავე დღეს, გაეროს შემწეობისა და დასაქმების სააგენტოს თქმით, პალესტინელი ხალხისთვის საკვების მიწოდების 14-ვე პუნქტის დახურვა მოუხდათ.

10 ოქტომბერს ჰამასის კონტროლირებულმა მთავრობამ თქვა, რომ რამდენიმე საათში სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდება.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს. 365 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები