დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გალანთი: ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოვაცხადეთ, არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

“ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ”. – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ღაზის საჰაერო სივრცეს და მის საზღვრებზე საქონლის ტრანზიტს ისრაელი აკონტროლებს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები