ისრაელის ომი ტერორიზმთან

გალანთი: ჰამასს მიწის პირიდან აღვგვით. ის არსებობას შეწყვეტს

იოავ გალანთი 11 ოქტომბერს გამართულ პრესფონფერენციაზე სიტყვით გამოდის

ისრაელში საგანგებო ეროვნული ერთიანობის კაბინეტი 12 ოქტომბერს შეიქმნა. მოლაპარეკებების შემდეგ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ოპოზიციური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერის ბენი განცისა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გალანთმა მიმართვისას ჰამასის განადგურების პირობა დადო. 

“ჰამასს - ღაზის ისლამურ სახელმწიფოს - მიწის პირიდან აღვგვით. ის არსებობას შეწყვეტს. არ იარსებებს შემთხვევა, როდესაც ისრაელელ ბავშვებს დახოცავენ და ჩვენ ამას უპასუხოდ დავტოვებთ”- თქვა გალანთმა.

გალანთმა ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე თავდასხმა დაახასიათა, როგორც მსოფლიოში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა და თქვა, რომ “ებრაელ ხალხს 1945 წლიდან მოყოლებული ასეთი ტანჯვა არ გამოუცდია”.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები