ისრაელის ომი ტერორიზმთან

ღაზის ელექტროსადგურს საწვავი გამოელია, ისრაელი საჰაერო დარტყმებს აგრძელებს

ისრაელის იერიში ღაზაში. 2023 წლის 10 ოქტომბერი.
MAHMUD HAMS / AFP

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყვიტა, ღაზის ელექტროსადგურს საწვავი გამოელია და მუშაობა შეაჩერა. 

ახლა რეგიონში მხოლოდ რამდენიმე გენერატორი მუშაობს, რომლებისთვისაც საწვავი ასევე არასაკმარისია.

პარალელურად, ისრაელი ღაზაში იერიშების მორიგ ტალღებს აგრძელებს. როგორც თავდაცვის ძალებში თქვეს, მათ ჰამასის მრავალი სამიზნე გაანადგურეს.

ბრძოლები გრძელდება ქვეყნის სამხრეთშიც, სადაც, როგორც ჩანს, დამალული ტერორისტები კვლავ რჩებიან.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა კვლავ დადო პირობა, რომ ჰამასს სრულიად გაანადგურებენ.

"ჰამასი - ღაზის ისლამური სახელმწიფო - აღგვილი იქნება პირისაგან მიწისა". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები