ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ოპოზიციონერი, ბენი განცი ეროვნული ერთიანობის მთავრობას ქმნიან

ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბენი განცი და ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
Yonatan Sindel/Flash90

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიუაჰუ და ოპოზიციური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერი, ბენი განცი საგანგებო ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა ერთობლივი განცხადება რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელეს.

ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მცირე ზომის კაბინეტის წევრები მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბენი განცი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი იქნებიან.

კაბინეტში დამკვირვებლების რანგში წარმოდგენილნი იქნებიან ისრაელის სტატეგიული ურთიერთობების მინისტრი, რონ დერმერი და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერალი, ეროვნული ერთიანობის წევრი, გადი აიზენკოტი.

ამასთან, ომის მიმდინარეობის დროს პარტია ეროვნული ერთიანობის ხუთი წარმომადგენელი ფართო უსაფრთხოების კაბინეტის წევრებიც გახდებიან.

აღსანიშნავია, რომ ომთან დაკავშირებულ კაბინეტში ვაკანტური ადგილი დატოვეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერისთვის,  იაირ ლაპიდისთვის, რომელიც კაბინეტში შესვლაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს.

შეთანხმების მიხედვით, ომის მიმდინარეობის დროს ქნესეთი კანონპროექტებზე, მთავრობა კი რეზოლუციებზე არ იმუშავებენ, თუ ეს ინიციატივები ომთან პირდაპირ კავშირში არ იქნება.

კომენტარები