საქსტატი

2022 წელს დასაქმებულთა თვიური ნომინალური ხელფასი 1 543 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2021 წელთან შედარებით, 18.3%-ით გაიზარდა და 1 543 ლარი შეადგინა. 

ამავე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა ხელფასების ყველა სფეროში გაიზარდა. ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში იყო, 49.4%-იანი მატების შემდგომ სექტორში დასაქმებულთა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 3 033.4 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, 15.3%-ით გაიზარდა დასაქმებულთა შემოსავალი სადაზღვევო და საფინანსო სექტორში და 2 730 ლარამდე განისაზღვრა. გარდა ამისა, 10.1%-იანი ზრდის შედეგად სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 2 285 ლარი შეადგინა. ამასთან, 15%-ითაა გაზრდილი საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საჯარო სექტორშიც – 2022 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1 285.6 ლარს უტოლდებოდა.

საქსტატის სტატისტიკა ასევე მოიცავს ხელფასების გენდერულ განაწილების მონაცემებს. მოცემული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 18.2%-იანი ზრდის შედეგად 1 247.7 ლარით, ხოლო მამაკაცების ხელფასი 18.8%-ით ზრდის შემდეგ 1 827 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ხელფასების გეოგრაფიული განაწილების კუთხით, ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. თბილისში საშუალო თვიური ხელფასი 1 807.6 ლარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1 324.9 ლარს შეადგენს. საშუალო სახელფასო ნიშნული ყველაზე დაბალი გურიაში (880.9 ლარი) და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია (823.7 ლარი).

კომენტარები