ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორის წინააღმდეგ სრულ შეტევაზე გადადის. ამის შესახებ გალანთმა ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ აქ არსებული რეალობა. თქვენ ნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებებს. ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ვინც მოდის თავის მოსაკვეთად, ქალების მოსაკლავად, ჰოლოკოსტს გადარჩენილთა მოსაკლავად – ჩვენ გავანადგურებთ მას სრული ძალისხმევით და კომპრომისების გარეშე". - მიმართა გალანთმა სამხედროებს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები