საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ორგანიზაცია მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
"ვითხოვთ, რომ ელენე ხოშტარია, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, ხოლო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სასწრაფოდ მიეცეს ჯეროვანი მკურნალობის შესაძლებლობა, კერძოდ, წვდომა სათანადო დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ზომებზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო საავადმყოფოში.
ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებ ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს. ისინი და აგრეთვე ყველა ის პირი, რომელიც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებაში მონაწილეობს, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც უკავშირდება ადამიანის წამებას (სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი), ან დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას (სსკ 1443 მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან (სსკ 333-ე მუხლი) ერთად". - წერს ორგანიზაცია.
TI ასევე წერს, რომ ელენე ხოშტარიასთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტები ირღვევა.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს პატიმრის მოთავსება ისეთ პირობებში, რომლებიც თავსებადია მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის უფლებასთან. სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების აღსრულების ფორმამ და მეთოდმა არ უნდა გამოიწვიოს ისეთი ტანჯვა ან სიმძიმე, რომლის ინტენსივობაც აღემატება დისკომფორტის ისეთ დონეს, რომელიც, ჩვეულებრივ ვითარებაში, პატიმრის მდგომარეობაში თავიდან ვერ იქნება აცილებული. მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გზით.
ევროპულმა სასამართლომ მრავალ საქმეში დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პაციენტი ექიმმა მოინახულა და მას გარკვეული მკურნალობა დაუნიშნა, ავტომატურად ვერ გახდება იმ დასკვნის საფუძველი, რომ პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი დოკუმენტაციის წარმოება, აგრეთვე, სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დადგენა. ამასთან, როდესაც ამას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს, სამედიცინო ზედამხედველობა უნდა იყოს რეგულარული და სისტემატური და მოიცავდეს ყოვლისმომცველ თერაპიულ სტრატეგიას, რომელიც მიმართულია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფვრისკენ ან მათი გაუარესების პრევენციისკენ, და არა მხოლოდ ცალკეული სიმპტომების მკურნალობისკენ.
ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული სტანდარტების ფონზე სრულიად აშკარაა, რომ ციხის ადმინისტრაცია და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო უხეშად არღვევს ელენე ხოშტარიას ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მისი პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება მიღებულია ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების მიერ". - წერია TI-ს განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




