გერმანიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიისა ქვეყნების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისრაელზე ჰამასის თავდასხმები დაგმეს.
ამასთან, ერთობლივი განცხადება ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცს, ჯორჯია მელონის, რიში სუნაკსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა.
ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს "მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა" ისრაელის მიმართ და "ცალსახად დაგმეს ჰამასი და მისი შემზარავი ტერორისტული აქტები".
"ჰამასის ტერორისტულ ქმედებებს არ აქვს გამართლება, ლეგიტიმაცია და საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება.
ჩვენი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ისრაელს მცდელობებში დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი ასეთი სისასტიკისგან. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ არის მომენტი ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი მხარისთვის, გამოიყენოს ეს თავდასხმები უპირატესობის მოსაპოვებლად.
ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს და მხარს ვუჭერთ სამართლიანობისა და თავისუფლების თანაბარ ზომებს ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის. მაგრამ არ შეცდეთ: ჰამასი არ წარმოადგენს ამ მისწრაფებებს და ის არაფერს სთავაზობს პალესტინელ ხალხს მეტი ტერორისა და სისხლისღვრის გარდა.
უახლოეს დღეებში ჩვენ ვიქნებით ერთიანები და კოორდინირებულები, როგორც მოკავშირეები და როგორც ისრაელის საერთო მეგობრები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და საბოლოოდ შევქმნათ პირობები მშვიდობიანი და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის". - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





