დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

AXIOS: ნეთანიაჰუმ ბაიდენს უთხრა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გარდა სხვა გზა არ აქვთ

ისრაელის თავდაცვის ძალები და ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა სდეროთში გადაადგილდება, 2023 წლის 8 ოქტომბერი.
Yossi Zamir/Flash90

ამერიკული მედია AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ.

"უნდა შევიდეთ. მოლაპარაკება არ შეგვიძლია". – უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს იმ მაღალჩინოსნის ცნობით, რომელსაც საუბრის შინაარსი გააცნეს და AXIOS-ს ელაპარაკა.

AXIOS-ის წყაროს ინფორმაციით, ჯო ბაიდენს ნეთანიაჰუს გადარწმუნება არ უცდია.

ამას გარდა, წყაროს ინფორმაციით, ზარის დროს ბაიდენმა ისაუბრა მოვლენების თეორიულ განვითარებაზე, თუ ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლა მეორე ფრონტს გაუხსნის. ამ საკითხთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნის ცნობით, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მათთვის ლიბანის საზღვარი მართლაც შეშფოთების საგანია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს არ აქვს სხვა გზა, ღაზაში დიდი ძალის დემონსტრირების გარდა.

აქამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ჰამასთან ომი "ხანგრძლივი და რთული" იქნება.

ისრაელს 300 000 რეზერვისტი ჰყავს მობილიზებული. ეს ათწლეულების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები