დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ მხარს უჭერს ისრაელს – ნეთანიაჰუს და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჯო ბაიდენი/ბენიამინ ნეთანიაჰუ
CNN

ისრაელის მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ამჟამად მიმდინარე დაძაბულობას ეხებოდა. 

ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენმა პრემიერმინისტრთან საუბრისას ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი". - წერია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

აქვე მითითებულია, რომ პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭირო იქნება "ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს".

მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პალესტინელი სამხედროების მიერ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები დაგმო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად დასჭირდება.

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

კომენტარები