დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

მტკიცედ ვიდგებით ისრაელის გვერდით – აშშ

The Times of Israel

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პალესტინელი სამხედროების მიერ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები დაგმო.

"აშშ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმს გამართლება არასდროს არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ ისრაელს ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულებისთვის." - თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ ოუტსონმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ესაუბრა ისრაელის ეროვნული  უსაფრთხოების მრჩეველს და აშშ მჭიდრო კავშირში რჩება ისრაელელ პარტნიორებთან.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად დასჭირდება.

"უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან." - თქვა ოსტინმა.

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები