დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ინტერპრესნიუსი 

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

იგი აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე.

როგორც ჟვანია წერს, გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.

"შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en?

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092;

ან +972 52-8888513

და +972 54-7386813

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას". - წერს ჟვანია.

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები