ავსტრია-რუსეთი

ავსტრიამ ხარკოვის სოფელ გროზას დაბომბვის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსული რაკეტის მიერ განადგურებული კაფე, ხარკოვის რაიონი, სოფელი გროზა, 2023 წლის 6 ოქტომბერი
Focus.ua

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ელჩი დმიტრი ლიუბინსკი დაიბარა. ინფორმაციას სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვენაში მყოფი რუსეთის ელჩი ამ წუთას დაიბარეს ხარკოვის ოლქის სოფელზე გუშინ განხორციელებული საშინელი სარაკეტო თავდასხმის გამო. დაბომბვას ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია. დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ". – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს X გვერდზე.


5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. სულ დაბომბვისას 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ სოფელ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, სარაკეტო იერიშს ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი შეეწირა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში".

ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 5 ოქტომბრის ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა.

კომენტარები