მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევმა ყარაბაღელი სომხების ინტეგრაციის გეგმის დეტალები გაასაჯაროვა

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ ყარაბაღელი სომხების ინტეგრაციის გეგმის დეტალები გაასაჯაროვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქომ ეს პროცესი პრაქტიკულად უკვე დაიწყო.

ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, ყარაბაღის სომეხ მოსახლეობასთან კონტაქტებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნული რამინ მამედოვი რეგიონის მაცხოვრებლებს 21, 25 და 29 სექტემბერს შეხვდა, ქალაქ ევლახსა და ხოჯალიში. 

აზერბაიჯანში ამბობენ, რომ განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, გარანტირებულია ყველას თანაბარი უფლებები და თავისუფლებები, ასევე უსაფრთხოება.

იურიდიული და ადმინისტრაციული სფერო:

სომეხი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების მმართველობა განხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლობის ოფისების მეშვეობით. ამ რეგიონში მაცხოვრებლებს შეეძლებათ მუშაობის დაწყება სპეციალურ წარმომადგენლობით ორგანოებში.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეშვეობით ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტები.

მაცხოვრებლების მოქალაქეობის საკითხები გადაწყდება შესაბამისი პროცედურების საფუძველზე, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად.

უსაფრთხოების სფერო:

განცხადების მიხედვით, განიარაღებისა და დემობილიზაციის პროცესი სრულდება, მოსახლეობას ართმევენ ყველანაირ იარაღს.

აზერბაიჯანის შინაგანი ორგანოები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დაწყება ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეძლება.

ეკონომიკური სფერო:

უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა. 

განცხადების მიხედვით, მიიღებენ წამახალისებელ პაკეტებს, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო შეღავათებს, რომელიც რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს. მიმოქცევაში შევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივებისთვის მიიღებენ სამეწარმეო საქმიანობის წახალისების ზომებს. ყარაბაღელ სომხებს შეეძლებათ შეღავათიანი სესხით, პროცენტების სუბსიდირებით, სესხის გარანტიებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობა, რათა მათი ფინანსებზე წვდომა გაფართოვდეს.

ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან სუბსიდიებით და გათავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადისგან, მიწის გადასახადის გარდა.

ქონებრივი საკითხები დარეგულირდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

სოციალური სფერო:

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყარაბაღის მოსახლეობაზე გავრცელდება შრომისა და სოციალური ანაზღაურების სისტემა, რომელიც მთელ ქვეყანაში მოქმედებს. 

ყარაბაღის მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით, სოციალური სერვისებით და დასაქმების პროგრამებით, რომელიც მხოლოდ ამ რეგიონში ხორციელდება.

კულტურის სფერო:

განცხადების მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობას გარანტირებული აქვთ უფლება შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი კულტურა და ეთნოკულტურული მახასიათებლები, ასევე უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება და კულტურული და რელიგიური ძეგლების დაცვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება სომხურ ენაზე საუბარი.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები