მთიანი ყარაბაღიდან, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა გასული წლის ბოლოს აღადგინა, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. ეს ინფრომაცია კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
თავდაპირველად ეს ცნობა აზერბაიჯანულ მედიაში 16 აპრილს გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს.
ყარაბაღში რუსეთის ჯარის ნაწილები სამშვიდობო მისიით 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დადებული შეთანხმების შესაბამისად ჩადგნენ. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ სამშვიდობო კორპუსი აქ 5 წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო.
კონტინგენტის რაოდენობა დაახლოებით 2000 რუს სამხედროს უტოლდებოდა. სამი წლისა და 6 თვის განმავლობაში მთიან ყარაბაღში დაიღუპა 7 რუსი ჯარისკაცი. აქედან 5, მათ შორის სამშვიდობო კორპუსის მეთაურის მოადგილე ივან კოვგანი 2023 წლის 20 სექტემბრის აზერბაიჯანის ოპერაციის დროს მოკვდა. მაშინ ილჰამ ალიევმა რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მხოლოდ ბოდიში მოუხადა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.