მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტები, სავარაუდოდ, სომხეთში ჩავიდნენ

 REUTERS/David Ghahramanyan

სომხეთის ერთ-ერთი პარტიის, დემოკრატიული ალტერნატივის თავმჯდომარემ, სურენ სურენიანცმა თქვა, რომ 1-ელ ოქტომბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ექსპრეზიდენტი ბაქოსთან შეთანხმების შემდეგ სომხეთში დაბრუნდა.

როგორც მან სომხურ მედიასთან აღნიშნა, სომხეთში არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიიკ ჰარუთუნიანი დაბრუნდნენ.

გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის სამველ შაჰრამანიანის სომხეთში გადასვლის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მანამდე ყარაბაღის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, რომ შაჰრამანიანმ "საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების სამძებრო სამუშაოების დასრულებამდე" სტეფანაკერტში დარჩენა გადაწყვიტა. 

1-ელ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ერევანში იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი არტაკ ბეგლარიანი.

მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა ე.წ. რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი დავით ბაბაიანი, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, ლევონ მნაცაკანიანი და დავით მანუკიანი.

ბაქომ ასევე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არაიიკ ჰარუთუნიანი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, ჯალალ ჰარუთუნიანი და 300-ზე მეტი "სომეხი სეპარატისტი" საერთაშორისო დონეზე ძებნილთა სიაში იმყოფებიან


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. დღეისათვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე ჩავიდა 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

კომენტარები