ირაკლი კობახიძე

კობახიძე: არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა გრიგორიადისი შეიწყალოს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს. 

"ვნახეთ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია, პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რაც დღეს სუს-ისგან მოისმინეთ. აქცენტი კეთდება ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდებს არაფერი აქვთ დასაკარგი. შემდეგ ეს სიტყვები მოვისმინეთ ტრენინგებიდან, რომლებიც ტარდებოდა სერბი კმარელების მხრიდან. 

რა თქმა უნდა, ეს არის სცენარი, ახალგაზრდების მონაწილეობით ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. იმდენად აქტიურადაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია პირობითად გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც შემდგარია ზურაბიშვილს და ენმ-ს შორის". - თქვა კობახიძემ


მოსამართლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაუკვალიფიცირდა. 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით პატიმრობამ შთანთქა მსუბუქი სასჯელი და გრიგორიადისს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები